X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

10 დეკემბერი 2023

„მინდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ ყველა პროფესიონალს მივულოცო მეგზევეების დღე, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება და აერთიანებს  არაერთი პროფესიის ადამიანს - ხიდისა და გვირაბის ინჟინერს, ტექნიკოსს, პროექტანტს, გეოლოგს, მშენებელს. ვულოცავ ყველას, ვინც იყო, არის და იქნება ჩართული ჩვენი ქვეყნის გზების მშენებლობაში, განვითარებასა თუ მოვლაში. მათი შრომის შედეგია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა,”- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესის დათვალიერებისას განაცხადა.  

მინისტრმა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონტრაქტორ კომპანიებს,  ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, პარტნიორ უწყებებსა და ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. მან ასევე, ისაუბრა 2023 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებული მიღწევების წელი იყო.

„წელს გაიხსნა მაგისტრალური გზის 37 კმ. მათ შორის, ტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთით, რამაც 8 კმ-ით შეამცირა გადაადგილების მანძილი და 25 წუთით შეამცირა გადაადგილების დრო. ასევე, მოძრაობა გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 6 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მონაკვეთზე და  კახეთის მაგისტრალის პირველ 4 კმ-იან გზაზე. დარჩენილ მონაკვეთებზე ინტენსიური სამუშაოები გრძელდება და როგორც რიკოთის, ისე თბილისი-საგარეჯოს სხვა მონაკვეთების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 62%-ზე, ანუ 267 კმ-ზე. წარმატებით მიმდინარეობს ისტორიული, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის განვითარებაც, სადაც უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბის 8.1 კმ უკვე გაჭრილია.

„ქვეყნისთვის, რომელიც ისტორიულად აკავშირებს აღმოსავლეთს დასავლეთთან და არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და სატრანზიტო საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბით, საინჟინრო სირთულითა და მნიშვნელობით უპრეცედენტო  პროექტებს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ჭრილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი მასშტაბის პროექტების მართვით, ხელს ვუწყობთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო დარგის განვითარებას, პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას, მათ მიერ მეტი გამოცდილების დაგროვების, გაძლიერებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით,”- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.